ტყე – მდიდრებისთვის, კანონი – გლეხებისთვის

ჟურნალისტი: მარიკა დუდუნია
Divider dot 22 იანვარი 2022

ილიას ტბასთან, კუდიგორას მთაზე, 8 ჰექტარი მიწა 2018 წლამდე სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრება იყო. დღეს კი, დეპუტატის ნინო წილოსანის ნათესავს ეკუთვნის. ხეების ნაწილი აქ გაჩეხილია.

8 ჰექტარი მიწის ნაწილი  შპს “ღვინის გზამ”  საკუთრებაში, ნაწილი – სარგებლობის უფლებით მიიღო. კომპანიის 100%-ის მფლობელი ომარ ხატიაშვილია.

ოცნების მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანი ბიზნესმენ ბადრი წილოსანის შვილია. ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურამ „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი, ნინო წილოსანის ქმარი ვლადიმერ აბულაძე 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ბრალდებით დააკავა და მალევე გაათავისუფლა. ნინო წილოსანი მაშინ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ეს საქმე დღემდე სასამართლოშია.

2016 წლამდე, ნინო წილოსანი არერთ კომპანიას ფლობდა. აქედან რამდენიმეს მისი ბიძაშვილი გვანცა წილოსანი მართავდა. 2016 წლის შემდეგ, რაც “ოცნების” დეპუტატი გახდა, ჯერ  მაჟორიტარი, შემდეგ კი, პარტიული სიით,  საკუთარი  წილები გაასხვისა.

ერთ-ერთი კომპანიის 25% გვანცა წილოსანს გადაუფორმა. დეპუტატის ბიძაშვილი თვითონაც არაერთი კომპანიის მფლობელია. ის და ომარ ხატიაშვილი 2015 წელს დაქორწინდნენ.

“ღვინის გზა” ილიას ტბასთან, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს და ღვინის ქარხანას აშენებს. ტერიტორია  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პროექტის –  “50 ქონება შენი სასტუმროსთვის”  აუქციონზე არის  შეძენილი.

დეპუტატის ნათესავის კომპანიისთვის საქართველოს მთავრობამ 2018, 2019 და 2021 წლებში  ოთხი განკარგულება გამოსცა. ჯერ 3 ჰექტარი ტყე აქუციონზე  გაიტანა. შემდეგ 2  განკარგულებით  – 20 წლიანი ტყითსარგებლობის აუქციონი გამოაცხადა,  ხოლო, მეოთხე განკარგულებით, ღვინის გზას ინვესტიციის ვადა სავარაუდოდ გაუხანგრძლივა. 

 2018 წლის 10 აპრილს მთავრობის განკარგულებით  ილიას ტბასთან არსებული 3 ჰექტარი ტყე  აუქციონზე საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გავიდა. მიწა შპს “ღვინის გზამ” 152 000 ლარად შეიძინა. 

სამი ჰექტარის მიმდებარედ, დამატებით 5 ჰექტარი, ომარ ხატიაშვილის კომპანიამ, 20 წლიანი ტყითსარგებლობის უფლებით, 2019 წელს, მთავრობის ორი განკარგულებით გამოცხადებული აუქციონით მოიპოვა.

ხელშეკრულების თანახმად 51 681 კვ.მეტრი ფართობის ტყის 20 წლით სარგებლობისთვის, ომარ ხატიაშვილი წელიწადში 22 738 ლარს გადაიხდის კუდიგორის მთაზე მისი კომპანია დროებითი კოტეჯებისა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის: სკამების, მაგიდების და საჩრდილობელი ქოლგების მოწყობას აპირებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და “ღვინის გზას” შორის, 2018 წელს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 40 ნომრიანი სასტუმრო და ღვინის ქარხანა ოთხ წელში უნდა აეშენებინა და 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.  ხელშეკრულების დადებიდან სამ წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა. ქონების მართვის სააგენტოს მიხედვით, კომპანიამ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

დარჩენილი 2,5 მილიონის ინვესტირებისთვის, კომპანიამ ვადის 2 წლით გახანგრძლივება მოითხოვა და ეკონომიკის სამინისტროს დამატებით 2 000 000 ლარის ინვესტიციას დაჰპირდა. კომპანიის თხოვნა ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა. 

როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ირკვევა, ეს მოთხოვნა პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გავიდა. მეტი დეტალი არ ვიცით – 2020 წლიდან მთავრობა განკარგულებებს საჯაროდ აღარ აქვეყნებს.

დეპუტატის სიძის საკუთრებაში გადაცემულ 3 ჰექტარზე 96 ხე იყო. კომპანიამ 24 ხე მოჭრა, 72 – ვალდებულების მიხედვით შეინარჩუნა.

ტყე სრულად ნადგურდება. ჭიათურის მუნიციპალიტეტში. აქ, ტყის ფონდის მიწებს ჯერ კერძო პირები ირეგისტრირებენ, შემდეგ კი, ტყის ადგილზე მადნის მოპოვება იწყება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ჭიათურიდან 8 კილომეტრში სოფელი რგანშია. 

რგანში სატყეო ფონდიდან 115 233 კვ.მ ტყის ფართობი ამოირიცხა. ამ ტერიტორიების ნაწილი (25 000 კვ.მ) კერძო პირებისთვის დარეგისტრირების შემდეგ, მადნის მომპოვებელი კომპანიების საკუთრება გახდა.

  1. ადგილობრივები ჯერ საჯარო რეესტრს მიმართავენ და მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვენ;
  2. საჯარო რეესტრი მოთხოვნას ჭიათურის მუნციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიაში ამისამართებს;
  3. კომისია ადგილზე ორი მოწმის გამოკითხვის შედეგად, დათვალიერების ოქმს ადგენს;
  4. თანხმობის შემდეგ საჯარო რეესტრი მიწას სატყეო ფონდიდან ამორიცხავს და ფიზიკურ პირებს ურეგისტრირებს;
  5. 2016-2021 წლებში, ამ სქემით, 115 233 კვ.მ-დან 25 000 კვ.მ ტყე, ფიზიკურმა პირებმა მადნის მომპოვებელ კომპანიებს მიჰყიდეს.

ასე აღმოჩნდა სატყეო ფონდიდან ამორიცხული ტერიტორიები შპს ჯეომანგანუმისა და შპს ემ ენ მაინიგის საკუთრებაში. შპს ჯეომანგანუმს 100%-ის მფლობელი სიმონ ხითარიშვილია. 2017 წელს, ჯეომანგანუმმა 5 000 კვ.მ ფართობის ტყე როსტომ ხითარიშვილისგან იყიდა. “თავისუფლების მონიტორმა” გაარკვია, რომ სიმონ და როსტომ ხითარიშვილები მამა-შვილი არიან.

კერძო პირებისგან ტყეები შეიძინა შპს ემ ენ მაინინგმაც.  კოპმანიაში 100%-იან წილს ზურაბ მიქაბერიძე ფლობს. ის, ნოდარ მიქაბერიძის ძმაა.

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ნოდარ მიქაბერიძე შპს “მანგანუმ ლოჯისტიკის” დამფუძნებელი, “ქართული ოცნების” შემწირველი და პარლამენტის წევრის “ქართული ოცნებიდან” (ლექსო დალაქიშვილი) ახლო მეგობარია.

თუ კერძო პირითვის, საკუთრებაში გადასაცემი მიწა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში მდებარეობს, საჯარო რეესტრი ასეთ ნაკვეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში არეგისტრირებს, თუ დადგინდება პირის მიერ ნაკვეთით სარგებლობა ან მფლობელობა.

ოლო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში ტყის ფართობი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის მონაცემებით, 2000-2019 წლებში ტყით დაფარული ფართობებს დაახლოებით 110 000  მეტი ჰექტარი მოაკლდა. 

CENN-ის, ადამიანის უფლებათა ცენტრის და მწვანეთა მოძრაობის კვლევით კი 2016-2021 წლებში ტყის ფონდიდან 43 000 ჰექტარი ფართობი ამოირიცხა.