საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ სრულად იცავენ რუსეთისთვის უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, თუმცა “სტუდია მონიტორის” მიერ მოპოვებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა ხდებოდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება რუსეთისთვის სანქციების ასარიდებლად.
“აიტი-დისტრიბუშენი” საქართველოში, ჭიათურის სოფელ კაცხში, 2019 წელს დააფუძნა ბელარუსის მოქალაქე სერგეი კოპიტაენკომ. კომპანია კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. კომპანიის საწყობი თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზაშია” განთავსებული.
კოპიტაენკომ 2023 წლის მარტში, თავის რუს პარტნიორთან ერთად, მოსკოვში დააფუძნა შპს “DIGITAL RETAIL“, რომელიც ქართული კომპანიის მსგავსად, კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით საბითუმო ვაჭრობას ეწევა.
“სტუდია მონიტორის” მიერ საქსტატიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, “აიტი-დისტრიბუშენი” 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოში ტოპ-10 იმპორტიორ კომპანიას შორისაა, ამასთანავე – საქართველოდან სომხეთში ექსპორტიორების სიაშია.
| ტოპ 10 იმპორტიორი ჩინეთიდან | ტოპ 10 საიმპორტო საქონელი ჩინეთიდან |
| სს კავკასიან პეტ კომპანი | პორტატიული ციფრული გამომთვლელი მანქანები |
| შპს ავტოტექნო | რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის |
| შპს აიტი-დისტრიბუშენი | ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან |
| შპს ალტა | მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის |
| შპს ალფა პეტი | პოლიეთილენტერეფტალატი |
| შპს ემტექნიკსი | ავტომობილები-თვითმცლელები, განკუთვნილი უგზოობის პირობებში ექსპლუატაციისათვის |
| შპს ჯი არ სი | ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან სიგანით |
| შპს თეგეტა თაიარ იმპორტს | სამთვლიანი ველოსიპედები, თვითგორიები, პედლებიანი ავტომობილები და ანალოგიური სათამაშოები ბორბლებზე; ეტლები თოჯინებისათვის; თოჯინები; სათამაშოები |
| შპს იუ-ჯი-თი | მთლიანად ავტომატური სარეცხი მანქანები |
| შპს ნოვა | შინაური ქათმის (Gallus domesticus) ნაკლავის ნაწილები და სუბპროდუქტები, გაყინული |
ჩინეთიდან მსხვილი იმპორტიორები და ტოპ-10 იმპორტირებული საქონელი ჩინეთიდან 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში
კომპანიამ სომხეთსა და ყაზახეთში სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობები გაიტანა, მათ შორის, მონაცემების დამუშავების ციფრული ბლოკები, პროცესორები და კონტროლერები, ხმის, გამოსახულების ან სხვა მონაცემების მიღების, გარდაქმნის და გადაცემის მოწყობილობები.
საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, ამ მოწყობილობების რუსეთისთვის მიწოდება 2023 წლიდან აკრძალული აქვს ევროკავშირს, აშშ-ის, იაპონიას, გაერთიანებულ სამეფოს. ივნისიდან კი მათი მესამე ქვეყნებში გატანაც შეზღუდეს, საიდანაც ეს პროდუქცია შესაძლოა რუსეთში შევიდეს. ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის თანამშრომლობის შედეგად შემუშავებულია ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სია, ვინაიდან დადგენილია, რომ ამ პროდუქციას რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებისთვის იყენებს.
“ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იქ, დამკვეთი რომ მიიღებს ამ საქონელს, მერე რას უშვება”, – უთხრა “სტუდია მონიტორს” “აიტი-დისტრიბუშენის” წარმომადგენელმა ქეთი მასხულიამ, – “მაშინ სახელმწიფო დონეზე უნდა კონტროლდებოდეს ეგ ყველაფერი და სახელმწიფოს არ აქვს ასეთი ბერკეტები. ჯერჯერობით ჩვენს მიმართაც არანაირი პრეტენზია არ ყოფილა არც საბაჟოზე და არც რაიმე სხვა ორგანოში”.
ივნისის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა “არსებით პრობლემაა” და რომ ამ საკითხებს ის სხვადასხვა ქვეყნებთან განიხილავდა – თურქეთის, ყაზახეთის, საქართველოს, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და სომხეთის ჩათვლით. მაშინ გამოცემა POLITICO-მ ო’ბრაიენის ამ განცხადებას საბაჟოებიდან მოპოვებული ინფორმაცია დაურთო, რომლის მიხედვით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების – საქართველოს, ყაზახეთისა და სომხეთის – ვაჭრობა რუსეთთან გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ივნისიდანვე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი აამოქმედა, რომელითაც კიდევ უფრო გაძლიერდა ზომები სანქციებისთვის გვერდის ავლის რისკის შესამცირებლად, კერძოდ, შეიზღუდა ისეთი ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი, რაც შეიძლება რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას დაეხმაროს.
“სტუდია მონიტორმა” საქსტატიდან მოიპოვა სანქციების პაკეტით განსაზღვრული ელექსტროსაქონლით ვაჭრობის მონაცემები, რის შედეგადაც გავარკვიეთ, რომ ამ პროდუქციის ტრანზიტს არაერთი კომპანია ეწეოდა საქართველოში, მათ შორის 2023 წელსაც, როდესაც ეს სანქციები ამოქმედდა.
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 2023 წლის 10 თვეში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 23%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 132 მილიონი აშშ შეადგინა. ამასთან, ამ პერიოდში ჩინეთიდან უმეტესწილად სწორედ ელექტრომოწყობილობები იქნა შეძენილი.
2023 წელს ორმაგი დანიშნულების ელექტრომოწყობილობებს ჩინეთის გარდა თურქეთიდანაც არაერთი ქართული კომპანია ყიდულობდა.
2023 წლის პირველ 10 თვეში თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 104 მილიონი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში სანქცირებული ელექტროსაქონლის თურქეთიდან იმპორტს და შემდეგ სომხეთში ექსპორტს ახორციელებდა ქართული კომპანია – შპს გეოიმპექსი. კომპანიის დირექტორმა ბესიკ ქორიძემ “სტუდია მონიტორს” უთხრა, რომ სექტემბერში შემოსავლების სამსახურისგან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით სანქცირებული ელექტროსაქონელის კოდები და შეტყობინება მიიღო, რომ ამ კოდებით ექსპორტი საქართველოდან აღარ განეხორციელებინათ.
“ერთი თვის წინ მოხდა ამ კოდის საქონლის აკრძალვა, ზუსტად არ მახსოვს, ერთი თუ ორი თვის წინ მოხდა და ყველა საქონელი უკან დაბრუნდა თურქეთში. საქართველოდან გატანა ყველა შემთხვევაში აიკრძალა, ექსპორტი არცერთ ქვეყანაში არ შეიძლება”, – გვითხრა ბესიკ ქორიძემ.
საქართველოდან სომხეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წლის პირველ 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა და 657,524,710 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებული ზრდა სწორედ ორმაგი დანიშნულების ელექტროსაქონლის ექსპორტში ფიქსირდება. მაგალითად, 2023 იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1280%-ით გაიზარდა ციფრული ბლოკების ექსპორტი და 3,047,730 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სომხეთში განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა ქვეყნიდან ელექტრომოწყობილობების იმპორტი. ამის გამო სომხეთში მოქმედი ზოგიერთი კომპანია უკვე მოექცა სანქციების ქვეშ. მაგალითად, აშშ-მ დაასანქცირა შპს “ტაკო”, რომელიც სომხეთში ელექტრომოწყობილობებით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი თინა ხიდაშელი “სტუდია მონიტორთან” საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სომხეთის გარდა, ე.წ. მესამე ქვეყნების სიაშია, ასევე, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებთანაც საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები დრამატულადაა გაზრდილი. ეს კი საფუძვლიან ეჭვს აღძრავს, რომ შესაძლოა ამ გზითაც ხდებოდეს საქართველოს გამოყენება რუსეთისთვის სანქციებისგან ასარიდებლად.
საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტის მაჩვენებელი 2023 წლის პირველ 10 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 900%-ით, ანუ 57-დან 564 მილიონ დოლარამდე გაიზარდა; რაც შეეხება ყაზახეთს, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 580 მილიონ დოლარამდე ღირებულების ექსპორტი განხორციელდა საქართველოდან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 240%-ით აღემატება.
“შეხედეთ ყირგიზეთთან პროცენტის ზრდის მაჩვენებელს, ყირგიზეთი ამერიკამ შეიყვანა იმ სიაში სახელმწიფოების, რომლებიც სწორედ, აი, ამ სანქციების მეორადი გზით თავის არიდების ქვეყნები არიან, ანუ სომხეთი და ყირგიზეთი და ჩვენ ზუსტად სომხეთთან და ყირგიზეთთან გვაქვს გაზრდილი ყველაზე მეტად ვაჭრობა, სომხეთის რიცხვი კიდევ ისეთი არაა, ყირგიზეთის მონაცემი არის წარმოუდგენელი.

საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ იცი რა, ჩემი საბოლოო დანიშნულების ქვეყანა ყირგიზეთია და მის იქით მე არ მაქვს კონტროლიო. ტექნიკურად თუ მივუდგებით საკითხს, ხო, მართალია, მაგრამ რეალურად, ნუ, არ ვიცი ახლა, მინიმუმ იმის მერე, რაც ამერიკელებმა გამოაქვეყნეს ამ მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების სია, ვფიქრობ, რომ მინიმუმ იმის შემდეგ მაინც უნდა დაფიქრებულიყვნენ, რა ტიპის ვაჭრობა აქვთ ქვეყნებთან, რომელთანაც საერთოდ არ ჰქონდათ მანამდე არავითარი ვაჭრობა და რამ გამოიწვია ეს”, – უთხრა “სტუდია მონიტორს” თინა ხიდაშელმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც პასუხისმგებელია სანქციების პაკეტით გათვალისწინებული ელექტროსაქონლის საქართველოში შემოტანისა და ქვეყნიდან გატანის პროცესის კონტროლზე, “სტუდია მონიტორმა” მიმართა შეკითხვებით, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ, თუ როგორ ახერხებენ კომპანიები ამ პროდუქციით ვაჭრობას საქართველოს ტერიტორიის გავლით.